logo
ENG



"შესაძლოა, გახდეს რეპრესიის მექანიზმი" - ნაცვლიშვილი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე

15 მარ 202315:16
3 წუთის საკითხავი
 
"შესაძლოა, გახდეს რეპრესიის მექანიზმი" - ნაცვლიშვილი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე
ფორმულა/ვახო ქარელი

პარტია ლელო საქართველოსთვის წევრი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნებთან დაკავშირებით "ურცხვად მოიტყუა", როცა თქვა, რომ "პოზიტიური დასკვნები" ჩამოვიდა.

ნაცვლიშვილის თქმით, ქართული ოცნების მიერ გაგზავნილი სასამართლო რეფორმების კანონპროექტი არის "ფასადური და იმდენად მცირე მასშტაბის, რომ ვერ პასუხობს ევროკავშირის რეკომენდაციებს."

ლელოს წევრის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის დასკვნაში წერია, რომ არის "პერსონიფიცირებული მიდგომა", რაც რეპრესიებისა და ზეწოლის მექანიზმი შეიძლება გახდეს. 

"გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ ურცხვად მოიტყუა, როცა საზოგადოებას უთხრა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნები 2 კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლებიც ევრორეკომენდაციების შესრულებას მიემართება და მოამზადა ქართულმა ოცნებამ, თითქოს პოზიტიური დასკვნებია ჩამოსული. მე ხელთ მაქვს ორივე დასკვნა, ორი მტკიცებულება იმის, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და მათ მიერ მომზადებული ორივე კანონპროექტი მიზნად ისახავს არა სტატუსის მიღებას საქართველოსთვის, არამედ ამ სტატუსის ჩაგდებას.

ეს ორი დასკვნა მიემართება სასამართლო რეფორმას და მეორე მიემართება ე.წ. დეოლიგარქიზაციის საკითხს.

სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, კომისიის დასკვნაში ხაზგასმით წერია, რომ ევრორეკომენდაციის შინაარსი არის სრულყოფილი, მასშტაბური რეფორმის განხორციელება, მათ შორის იუსტიციის საბჭოში და არა მხოლოდ. ხოლო ის რაც გაგზავნა ქართულმა ოცნებამ არის ფასადური და იმდენად მცირე მასშტაბით, რომ ვერ პასუხობს ევრორეკომენდაციებს და ამავე დროს ვერ პასუხობს ვენეციის კომისიის წინა ოთხ დასკვნაში მითითებულ კრიტიკული მნიშვნელობის საკითხებს და შესაბამისად ეს არ იქნება ევროკავშირის რეკომენდაციის.

და მეორე კანონპროექტი ეს არის დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელთან მიმართებაშიც კომისია ამბობს, რომ ის, რაც "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა, არის პერსონიფიცირებული მიდგომა, კომისია უპირატესობას ანიჭებს და რეკომენდაციას უწევს სისტემურ მიდგომას, რაზეც პირველივე დღეებიდან საუბრობდა "ლელო" იმიტომ, რომ ოლიგარქიული მმართველობა, არაკონსტიტუციური მმართველობა არის სისტემური პრობლემა და ერთი ცალკე აღებული კანონი ვერ მოაგვარებს ჩრდილოვანი მმართველობის საკითხს საქართველოში. ამას სჭირდება მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მიტაცებული, პარტიულ ინტერესებს დაქვემდებარებული სახელმწიფო ინსტიტუტების უკან წამოღება და კონსტიტუციურ ჩარჩოში მოქცევა.

დასკვნაში პირდაპირი წერია, რომ პერსონიფიცირებული მიდგომა დევნის და ინდივიდებზე ზეწოლის და რეპრესიების მექანიზმი შეიძლება იყოს გამოყენებული მით უფრო, ისეთი სუსტი მექანიზმების და დემოკრატიის პირობებში, როგორიც არის საქართველოში.

ასევე წერია, რომ დიახ, ეს კანონპროექტი არის უკრაინულის ანალოგი, მაგრამ ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ კონტექსტი ორივე ქვეყანაში განსხვავდება და კანონის მიღების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ კონტექსტს.

აი, ეს არის ორი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს რომ ქართული ოცნება მთელი ამ თვეების განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას, როცა ამბობდა, რომ შექმნა რაღაც სამუშაო პროცესი, რაღაც დაწერა და ეს რაღაც იქნებოდა შესრულება რეკომენდაციებისა.

და მეორე ტყუილი იყო ის, რაც იკადრა გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ და გითხრათ, თითქოს, დასკვნები არის პოზიტიური.

ამ ორივე დასკვნაში, სადმე, თუ ნახავს შალვა პაპუაშვილი პოზიტიურ პარაგრაფს გაჩვენოთ საჯაროდ."- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე.

* * * 

შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ვენეციის კომისიას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის არსებული ფორმით მიღებასთან დაკავშირებით "რაიმე წინააღმდეგობა" არ აქვს. მისივე განმარტებით, შემუშავებულია რეკომენდაციები მხოლოდ ტერმინების დაზუსტებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებას, რომელიც ასევე გაგზავნილი იყო ვენეციის კომისიაში, პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ამასთან დაკავშირებითაც კომისიას შენიშვნა არ გააჩნია.

ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ "ოლიგარქების" გავლენის შეზღუდვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის, რომელსაც სურს მიაღწიოს კანონის უზენაესობის დემოკრატიულ სისტემას, თუმცა კომისია საუბრობს რისკებზე, რომლებიც კანონპროექტის ამ ფორმით მიღებამ შეიძლება გააჩინოს.

კერძოდ, დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი ეფუძნება პერსონალურ მიდგომებს და არ არის სისტემური, რომელიც ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას მოემსახურებოდა. ასევე აღნიშნულია, რომ "საჯარო განცხადებების ფონზე, საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი დიდ რისკს შეიცავს, რომ მიღების შემდეგ, ოპოზიციაზეც გავრცელდება".

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ძირითადი რეკომენდაციები სასამართლოს რეფორმების კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლებიც კომისიამ მანამდე გასცა, ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული. მათ შორის ხაზგასმულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირადი ინტერესების საკითხების მოგვარება.

 


close დახურვა